2012 წლის 29 ოქტომბრიდან 2 დეკემბრამდე Russian AI Cup ღია ჩემპიონატი მიმდინარეობს - სახელწოდებით CodeTanks. პირველი რაუნდი 10 ნოემბერს იწყება, მანამდე კი ჩართულია ე.წ. “Песочница”, სადაც მონაწილეობის მსურველებს თავისი კოდის გაგზავნა, გამოცდა და სტრატეგიების შემუშავება შეუძლიათ. პირველი რაუნდისთვის ამ შედეგებზე დაყრდნობით შეირჩევა უმაღლესი რეიტინგის მქონე 600 მონაწილე.

სტრატეგია ‘ბრძოლის’ მოსაგებად გჭირდებათ. ჩემპიონატი სხვა სტანდარტული შეჯიბრებებისგან განსხვავდება და ამ შემთხვევაში თქვენი ამოცანაა დაწეროთ ტანკის ბოტი, რომელიც სხვა მონაწილეების მიერ დაწერილ ბოტებს შეეჯიბრება. მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი რაიმე სპეციალური ცოდნა და პროგრამირების საბაზო უნარების ფლობა საკმარისია. წერა შესაძლებელია C++, Java, C#, Python (2 ან 3) და Pascal ენებზე.

მონაწილეობის მსურველებს წინასწარ ეძლევათ საჭირო კლასები და ბიბლიოთეკები, შესაბამისად მათ მხოლოდ სტრატეგიის ნაწილის დაწერა უწევთ. მაგალითები ამ ბმულზეა.

როდესაც თქვენს სტრატეგიას დაწერთ და სისტემაში გაგზავნით, ის მოხვდება პერიოდულად გამართულ ბრძოლებში, სადაც სხვადასხვა მონაწილის ტანკები არიან ჩართული. ეს ერთ-ერთი ბრძოლის ფრაგმენტია. თავად ბრძოლას კი ამ გვერდზე შეგიძლიათ უყუროთ http://russianaicup.ru/game/view/22406

CodeTanks 2012

7 დღე დარჩა პირველი რაუნდის მონაწილეების შერჩევამდე. გაგზავნეთ თქვენი სტრატეგიები და ერთად ვუგულშემატკივროთ მათ ბრძოლებში :)

მეორე რაუნდი 17-18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი 24-25 ნოემბერს. პრიზების ნახვა კი ჩემპიონატის საიტზეა შესაძლებელი http://russianaicup.ru