ჩვენთან ძალიან ბევრი შეკითხვა მოდის 2013 წლის შეჯიბრებების სერიის ჩატარებასთან დაკავშირებით. მის პასუხს ამ წერილში იპოვით.

ჯეოლიმპის პროგრამირების შეჯიბრებების სერია (დასწრებულიც და დაუსწრებელიც) ტრადიციულად გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა ხოლმე და 6-7 რაუნდს მოიცავდა - 5 საკონკურსო, 1 ბონუსი, 1 ფინალური. გასული სამი წლის განმავლობაში ჯეოლიმპის სამი სერია ჩატარდა - ჯამში 21 შეჯიბრება, რომელთაც თავისი გარჩევები და სტატიები მოჰყვა. ამჟამად მონაწილეთა მიერ გამოგზავნილი ამოხსნების რაოდენობა დაახლოებით 30,000-ია.

ჩვენთვის სასიხარულო მოვლენა იყო, რომ ყოველ შემდეგ სერიაში მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა და ერთვებოდნენ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ხოლო მონაწილეთა პროგრესი და საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი ერთ-ერთი მოტივაცია იყო, რომ ჩვენც მეტი გვემუშავა სისტემაზე, ამოცანების შექმნაზე, თანამოაზრეთა დაკავშირებაზე და ამ სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანაზე.

სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლით ფაქტს, რომ თითოეული შეჯიბრისთვის უზარმაზარი სამუშაოა შესასრულებელი (ამოცანების შექმნიდან დაწყებული სერვერის კონფიგურაციებით დამთავრებული). მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში გვერდში გვედგა რამდენიმე კომპანია, რომლებიც ფასიან პრიზებს აწესებდნენ მონაწილეებისთვის ან სერვერით უზრუნველგვყოფდნენ; სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც თავის აუდიტორიებს გვითმობდნენ; ასევე ადამიანები, რომლებიც კონკრეტული შეჯიბრის ამოცანების შედგენაში იღებდნენ მონაწილეობას, სრული სამუშაო მაინც ორგანიზატორების ენთუზიაზმის ხარჯზე სრულდებოდა. ეს ნამდვილად არ არის უარყოფითი მუხტის მატარებელი გამოთქმა. იყო დადებითი მომენტები ჩვენთვის, რაც სურვილს და ძალას გვაძლევდა ამისთვის, მაგრამ ამჯერად მათ სამუშაოს მოცულობა ვერ გადაწონეს :) და ვეძებთ სპონსორ(ებ)ს, ვინც სრულ ან ნაწილობრივ ფინანსურ მხარდაჭერას გაგვიწევს მინიმალური რესურსისთვის.

2013 წლის სერიის ჩატარება ამ ძებნის წარმატებაზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ხართ კომპანიის წარმომადგენელი, რომლისთვისაც შესაძლოა საინტერესო იყოს ჩვენთან თანამშრომლობა, დაგვიკავშირდით.

info@geolymp.org
599481642