29 აპრილიდან 2 მაისამდე ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში - ილია ვეკუას V თასი.

ოლიმპიადა ეძღვნება გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ვეკუას ხსოვნას. 30 აპრილს ჩატარდება გუნდური შეჯიბრება, ხოლო 1 მაისს კი პირადი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველად მასპინძლობს ამ ოლიმპიადას. მანამდე საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიადას ილია ვეკუას თასზე 2-2 ჯერ უმასპინძლეს შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.

ტრადიციულად, ოლიმპიადის დასწრებული ტური, საქართველოს გარდა, ტარდება აგრეთვე ნოვოსიბირსკში, მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში. ანუ ყველა იმ ქალაქში, რომელთანაც დაკავშირებულია აკადემიკოს ილია ვეკუას მოღვაწეობა (სანქტ-პეტერბურგში დაამთავრა ასპირანტურა და დაიცვა დისერტაცია, მოსკოვში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, იყო აგრეთვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოვოსიბირსკში გახლდათ აკადემქალაქისა და უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უნივერსიტეტის პირველი რექტორი). უპრიანია გავიხსენოთ, რომ ილია ვეკუა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

წელს თბილისში ჩამობრძანდებიან გუნდები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და, შესაძლოა, მოლდავეთიდან.

ოლიმპიადის მონაწილეებს შორის ტრადიციულად არის მსოფლიო პროგრამისტულ ელიტაში შემავალი მთელი რიგი გუნდი და პიროვნება. ილია ვეკუას თასის მფლობელის ტიტულის შენარჩუნებას შეეცდება სანქტ პეტერბურგის საინფორმაციო ტექნოლოგიების, მექნიკისა და ოპტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გაიმარჯვა ჩრდილო აღმოსავლეთ ევროპის ნახევარფინალში და ამ მომენტისთვის ითვლება მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთ ყველაზე მეტად სავარაუდო კანდიდატად.

ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაზე, ვეკუას თასის გარდა, წელსაც იქნება გათამაშებული 2 სპეციალური პრიზი. ნიკო მუსხელიშვილის პრიზით დაჯილდოვდება ოლიმპიადაში თბილისიდან მონაწილე საუკეთესო საზღვარგარეთული გუნდი, ხოლო ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზით დაჯილდოვდება ოლიმპიადის საუკეთესო გუნდი სამხრეთ კავკასიიდან. ამ პრიზებიდან პირველი დაწესებული აქვს ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, ხოლო მეორე – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს (ევგენი პანკრატიევი წლების განმავლობაში იყო მსუ-ს პროგრამისტთა ნაკრების ხელმძღვანელი).

წელს პირველად ამ პრიზებს დაემატება აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი, რომელიც დააწესა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და რომელიც გადაეცემა საუკეთესო ქართველ მონაწილეს.

შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას წამყვანი ქართველი სტუდენტი და მოსწავლე პროგრამისტები. მათ შორის, პირად ჩათვლაში ვეკუას თასის 2-გზის გამარჯვებული, ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი და უმაღლეს სასწავლებელთა შორის 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ელდარ ბოგდანოვი.

უკვე ცნობილია, რომ წელს ოლიმპიადას ეყოლება სპონსორი – კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო”.

ოლიმპიადის ოფიციალური საიტი: ვეკუას თასი 2011