29 აპრილი – 2 მაისის შუალედში თბილისში ტარდებოდა აკადემიკოს ილია ვეკუას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში. ეს ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. ოლიმპიადა პარალელურად მოსკოვში, ნოვოსიბირსკში, სანქტ–პეტერბურგში და თბილისში ტარდებოდა, ჩვენს ქალაქში მას უმასპინძლა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა.
ოლიმპიადის გუნდური შეჯიბრი 30 აპრილს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამოცანათა კომპლექტი ძალიან საინტერესო იყო, ის ამავდროულად არაადექვატურად რთული გამოდგა თბილისში მოასპარეზე გუნდებისთვის: 29 მონაწილე გუნდიდან მხოლოდ 11–მა მოახერხა ერთი მაინც ამოცანის ამოხსნა. შევაქებ ყველას, ვინც ეს მოახერხა, ხოლო დანარჩენებს ვეტყვი, რომ გული არ გაიტეხონ: ასეთ რთულ ამოცანათა კომპლექტს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც კი არ სთავაზობენ მონაწილეებს. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ანალოგიური ღონისძიებების მომზადებისას მხედველობაში მიღებული იქნება ქართული გუნდების საშუალოდ მცირე გამოცდილება და მათ მიეცემათ საშუალება, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ და ერთმანეთს შეეჯიბრონ.
ვეკუას თასის მფლობელი გახდა სანქტ–პეტერბურგის გუნდი სახელად Pigs and Hedgehogs, რომლის შემადგენლობაში გასული სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედალოსნები ანდრეი სტანკევიჩი, დმიტრი გოზმანი და ერთგზის ჩემპიონი ვლადისლავ ისენბაევი შედიან. თბილისში მოასპარეზე გუნდებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა Moscow SU ST შემადგენლობით სერგეი როგულენკო, სერგეი ფიოდოროვი, ალექსანდრე კალუჟინი, მწვრთნელი ალექსანდრე პანკრატიევი, რომელსაც გადაეცა ნიკო მუსხელიშვილის პრიზი. საუკეთესო ქართული გუნდი გახდა Tbilisi SU All In შემადგენლობით ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი საღინაძე, აკაკი მამაგეიშვილი, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი. გუნდმა მიიღო ევგენი პანკრატიევის სახელობის პრიზი. იხილეთ გუნდური შეჯიბრის სრული შედეგები (თბილისიდან მოასპარეზე გუნდები ცხრილში მწვანე ზოლითაა მონიშნული, ასევე აღნიშნულია დიპლომების მფლობელები).
ინდივიდუალური შეჯიბრი 1 მაისს ჩატარდა. ამჯერად ამოცანათა კრებული საკმარისად დაბალანსებული იყო, თუმცა გამოცდილი მონაწილეებისთვის ნაკლებ ინტერესს წარმოადგენდა, ვინაიდან არც ისე ორიგინალური ამოცანებით იყო დაკომპლექტებული. გამარჯვებული გახდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი სერგეი როგულენკო. ქართველებში პირველ ადგილზე გავიდა ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, რისთვისაც მას გადაეცა ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრიზი. იხილეთ დასწრებული რაუნდის სრული შედეგები
ონლაინ რაუნდის შედეგების სანახავად მიჰყევით ამ ბმულს.