შაბათს, 26 ოქტომბერს ჩატარდა ACM-ის მიერ დაფუძნებული International Collegiate Programming Challenge ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ეს შეჯიბრი წარმოადგენს პროგრამირებაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მეოთხედფინალიდან დაწინაურებული გუნდები 1-2 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის ნახევარფინალში. ACM ICPC-ის ფინალი 2014 წლის ივნისში რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება.
მეოთხედფინალი დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში მას კვლავ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს. რეგიონალურ შეჯიბრებაში 11 უმაღლესი სასწავლებლის 39 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვიდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი და სამი ამოცანით ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.
უმაღლესი სასწავლებელი | გუნდების რაოდენობა |
---|---|
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU) | 9 |
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni) | 5 |
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU) | 5 |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU) | 4 |
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU) |
4 |
კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) | 4 |
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU) | 4 |
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU) | 1 |
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French) | 1 |
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Tbilisi GAU) | 1 |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU) | 1 |
მეოთხედფინალში პირველ ადგილზე 7 ამოხსნილი ამოცანით გავიდა FreeUni Bethrezen: მანძულაშვილი თორნიკე, გიგლემიანი გიორგი, გულიაშვილი გიორგი (მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი).
მეორე ადგილი 7 ამოცანით დაიკავა ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა FreeUni Garbage Collector: ნიკა ბარბაქაძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკოლოზ მაჭავარიანი (მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი)
ხოლო მესამე ადგილზე ასევე 7 ამოცანით გავიდა Tbilisi SU 1 Scadoosh: ბექა ბარბაქაძე, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია (მწვრთნელი ნიკოლოზ გაბისონია).
სრული შედეგები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. ლურჯად მონიშნულია ის გუნდები, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ. შეჯიბრებაში კონკურსგარეშე მონაწილეობდა მოსწავლეთა რამდენიმე გუნდი და ასევე გამოცდილი ოლიმპიელები, რომელთაც ACM ICPC ოლიმპიადაზე გასვლის ლიმიტი ამოწურეს. შედეგებში ეს გუნდები ვარსკვლავით არიან მონიშნული.
გასულ წლებში ჩატარებული ACM ICPC ოლიმპიადების შესახებ ინფორმაციის და შედეგების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე: geolymp.org/page/tag/ACM ICPC