ჯეოლიმპის 2010 წლის სერია დასრულდა :) 25 სექტემბერს სერიის ფინალი გაიმართა, რომელსაც თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა და ოლიმპიადამ დიდებულად ჩაიარა (ფინალის ფოტოები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ). გახსნის შემდეგ მონაწილეებს ექსკურსია მოუწყეს უნივერსიტეტში, სადაც სხვა საინტერესო რამეებთან ერთად ყურადღება ტელეკონფერენციების დარბაზმა, რობოტების ლაბორატორიამ და სენსორულმა მაგიდამ მიიპყრო. ამის შემდეგ მონაწილეები კომპიუტერებთან განლაგდნენ და ცოტახანში ფინალური შეჯიბრიც დაიწყო.
პირველი ამოცანა თსუ-ს მეორე კურსის სტუდენტმა ლევან ვარამაშვილმა ამოხსნა. მალე მას სხვებიც დაეწიენ და გადაუსწრეს კიდევაც. დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე ცხრილს თსუ-ს ბაკალავრი აკაკი მამაგეიშვილი უძღვებოდა. შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე წლევანდელი მოსწავლეთა ოლიმპიადის ოქროსმედალოსანი ცოტნე ტაბიძე ავიდა, სადაც მესამე საათის დაწყებამდე მყარად რჩებოდა. 2:04-ზე ლევან ვარამაშვილმა მას ამოცანით გადაუსწრო და კვლავ პირველ ადგილზე გადავიდა, სადაც ე.წ. "ცხრილის გაყინვამდე" რჩებოდა. 4-საათიანი შეჯიბრის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე ცხრილი გაიყინა, ანუ მონაწილეები სხვის მიერ ნაჩვენებ შედეგს ვეღარ ხედავდნენ და გამარჯვებულის ვინაობა დახურვამდე ინტრიგად უნდა დარჩენილიყო.
შეჯიბრის დასრულებისას თავისუფალი უნივერსიტეტი პატარა სადილით გაგვიმასპინძლდა და დიპლომების დაბეჭდვის შემდეგ დახურვაც ჩავატარეთ.
პირველი სამი ადგილი დაიკავეს: მესამე - აკაკი მამაგეიშვილმა, მეორე - ცოტნე ტაბიძემ და გაიმარჯვა ლევან ვარამაშვილმა, რომელმაც ბოლო ნახევარ საათში კიდევ ერთი ამოცანა ამოხსნა. გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ კომპანია "ჯორჯიან ქარდის" (მეორე და მესამე ადგილი) და "ტოპგრუპის" (პირველი ადგილი) მიერ დაწესებული პრიზებით.
მთელი სერიის მანძილზე ჩვენი მხარდამჭერი იყო კომპანია "ჯორჯიან ქარდი", რომელმაც დასწრებულ ტურებზე სუვენირების და პრიზების გაცემის საშუალება მოგვცა და ფინალის ორი პრიზი შემოგვთავაზა და კომპანია "ლუნეტი", რომელმაც სერვერის 24საათიან რეჟიმში მუშაობა უზრუნველყო, რისთვისაც უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ორივე კომპანიას. ასევე დიდ მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და საგანმანათლებლო ცენტრ "მზიურს", რომლებმაც სერიის III და IV ეპიზოდების დასწრებულ შეჯიბრებს უმასპინძლეს და კომპანია "TOPgroup"-ს, რომელმაც სერიის ფინალის გამარჯვებული დააჯილდოვა.
იმედი გვაქვს, რომ ასეთი მხარდაჭერა მომავალ წელსაც გვექნება და შევძლებთ GeOlymp Series 2011 ღირსეულად ჩავატაროთ.