ცნობები იმის შესახებ, რომ ამ წლის 9 მაისს ჯეოლიმპის მესამე ინტერნეტ-რაუნდის პარალელურად დასწრებული ტურიც ჩატარდა, მედია სივრცეში უკვე საკმაოდ გავრცელდა, თუმცა სანამ მომდევნო ტურის დაგეგმვით არიან ჯეოლიმპის წევრები დაკავებული, გვსურს გასულ რაუნდს კიდევ ერთი შემაჯამებელი პოსტი მივუძღვნათ.
ამჯერად ჯეოლიმპს მასპინძლობა საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ ”მზიურმა” გაუწია. მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდით ”მზიურს” და განსაკუთრებით კი ბატონ ამირან მეტრეველს.
ჩვეულებრივი მონაწილეებისგან განსხვავებით დასწრებული ტური მხოლოდ ”მზიურის” მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთა რიცხვი აღნიშნულ რაუნდში მონაწილეების ნახევარს - 24-ს გაუტოლდა.
ცენტრში შეჯიბრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოვცხადდით. ლეკვამ და რაჭველამ ბავშვების წინაშე კიდევ ერთხელ წარადგინეს ჯეოლიმპი მისი მიზნებითა და ფუნქციებით, კიდევ ერთხელ გააქარწყლეს მითები საოლიმპიადო მომზადებაში დროის ფუჭი კარგვის შესახებ და კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ პერსპექტივებზე რასაც ეს სფერო იძლევა.
ამ გამამხნევებელი გამოსვლის შემდეგ კი მანამ, სანამ ბავშვები სატესტო კონტესტით და სისტემის გაცნობით იყვნენ დაკავებული, მსაჯებმა დრო იხელთეს. შესაბამისად მომდევნო ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ, როგორ დადის რაჭველა ”ჩუმად” :D მონაწილეებს შორის და იქაურ სიტუაციას გვაცნობს..
შეჯიბრებს შემდეგ დასწრებული ტურის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
კომპანია Georgian Card-ის მიერ გაწეული მხარდაჭერის შედეგად მონაწილეებს მოვლენის სამახსოვროდ სიმბოლური სუვენირები გადაეცათ, გამარჯვებულებმა კი მიიღეს მაისურები "GeOlymp"-ის სიმბოლიკით.
დასწრებულ ტურში მეორე ადგილოსანი: გიორგი სვანაძე
დასწრებულ ტურში 3-4 ადგილოსნები: ვატო ტაბატაძე და გიორგი მეგრელი
შემდეგ კი ამოცანების გარჩევა ჩატარდა, რომლის ვიდეოს სახით ხილვა ჩვენს facebook გვერდზეა შესაძლებელი.
ვფიქრობთ, რომ ჯეოლიმპის სერიების ინტერნეტ-რაუნდების პარალელურად დასწრებული ტურების ჩატარება ღონისძიებას მეტ ინტერესს მატებს და გვსურს ასეთი ქმედება ტრადიციად ვაქციოთ. შესაბამისად თუ მსურველი ხართ, რომ დარჩენილი ტურებიდან ერთ-ერთი თქვენს სასწავლო დაწესებულებაში გაიმართოს, გვაცნობეთ ამის შესახებ და აუცილებლად ვეცდებით თქვენთანაც ჩავატაროთ ჯეოლიმპის დასწრებული ტური.
წერილის ბოლოს კი კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მადლიერებას Georgian Card-ისა და ”მზიურის” მიმართ, რომელთაც ამ რაუნდის ჩატარება რეალობად აქციეს.