EuroPython საერთაშორისო კონფერენციაა პროგრამირების ენა - პითონის შესახებ, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება 1-7 ივლისის განმავლობაში იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართება და სხვადასხვა ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. კონფერენციის ბილეთის ღირებულება 70 ევროს შეადგენს, თუმცა კომპანია გუგლმა გამოაცხადა გრანტი ქალი პროგრამისტებისთვის, რომლითაც შეიძლება სრულად დაიფაროს სამოგზაურო და დასასწრები ხარჯები 1000 ევროს ფარგლებში. ასეთ სამგზავრო გრანტს კომპანია Google სხვადასხვა კონფერენციებისთვის აწესებს და ამით ცდილობს ამ სფეროში ქალების ჩართვას შეუწყოს ხელი.

გრანტის მოსაპოვებლად საჭიროა ამ ბმულზე არსებული ფორმის შევსება 2 ივნისამდე. აუცილებელია, რომ თითოეული კანდიდატი ქალი:
- მუშაობდეს ან სწავლობდეს კომპიუტერულ მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის ან კონფერენციის თემატიკასთან დაკავშირებულ ტექნიკურ სფეროში.
- ჰქონდეს ძლიერი აკადემიური ისტორია, სადაც ასევე ჩანს მისი ლიდერობის უნარ-ჩვევები.
- დაესწროს EuroPython კონფერენციას.

ხოლო გამარჯვებულებს კომპანია Google სთავაზობს:
- EuroPython კონფერენციაზე უფასო რეგისტრაციას
- 1000 ევროს ფარგლებში მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას (ანაზღაურება მოხდება კონფერენციის შემდეგ).

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: Google offer EuroPython grants for female computer scientist

EuroPython კონფერენციის საიტზე ასევე შეგიძლიათ ნახოთ გასული წლების კონფერენციის ვიდეო მასალა.

პითონი დინამიური, მაღალი დონის პროგრამირების ენაა, რომლის არქიტექტურა კოდის კითხვადობაზე აკეთებს აქცენტს. მისი სინტაქსის სიმარტივის გამო, ხშირად ამ ენით იწყებენ პროგრამირების სწავლას. პითონი პროგრამირების სხვადასხვა პარადიგმებს მოიცავს, მათ შორის ობიექტზე-ორიენტირებულ, იმპერატიულ და ფუნქციონალურ პროგრამირების სტილებს. ის გამოიყენება როგორც ვებ აპლიკაციების, ისე ცალკე მდგომი პროგრამების შესაქმნელად.

პითონის გამოყენების მაგალითი Google-ის პროდუქტებია და მათ შორის Youtube, რომლის დიდი ნაწილი აღნიშნულ ენაზეა დაწერილი. პითონით შექმნილი წარმატებული პროექტების სია ამ ენის ოფიციალურ საიტზეა მოცემული.

თუ გსურთ გადადგათ პირველი ნაბიჯები პითონის შესასწავლად, შეგახსენებთ, რომ Codecademy საკმაოდ კარგ ინტერაქტიულ საბაზისო კურსს გთავაზობთ ამისთვის.
პითონი დაშვებულია ჯეოლიმპის შეჯიბრებებზე, ასე რომ, სწავლის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი სავარჯიშოებიც.