23 ივნისს ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის ფინალური რაუნდი გაიმართა. ღონისძიებას უკვე მეორედ გაუწია მასპინძლობა კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას უნივერსიტეტს და ტექნოლოების სკოლის დეკანს - ბატონ გიორგი დათუკიშვილს.

ტრადიციულად, შეჯიბრების პარალელურად მიმდინარეობდა ონლაინ რაუნდი ყველა კონკურსგარე მსურველისთვის და მისი შედეგები ამ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ფინალის შედეგების სანახავად კი ამ ბმულს მიჰყევით.


Nikoloz Svanidze

პირველი ადგილი 8 ამოცანით მოიპოვა კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლემ - ნიკოლოზ სვანიძემ და მიიღო პრიზი Samsung Galaxy note N8000 პლანშეტი.


Jimi Skhirtladze

მეორე ადგილზე გავიდა ასევე კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლე - ჯიმი სხირტლაძე, რომელმაც 7 ამოცანა წარმატებით ამოხსნა. ჯეოლიმპისგან მას საჩუქრად Nikon L820 ფოტოაპარატი გადაეცა.


Zurab Kutsia

მესამე ადგილზე 6 ამოცანით გავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - ზურაბ კუცია და Kindle PaperWhite ელექტრონული წიგნების მკითხველით დაჯილდოვდა.


GeOlymp 2013 Finals

GeOlymp 2013 Finals

GeOlymp 2013 Finals

სრული ფოტო ალბომის ნახვა შესაძლებელია ჩვენს Facebook გვერდზე.

ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის ჩატარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დაფინანსებას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვუხდით მათ მადლობას, რომ მხარში დაგვიდგნენ და საშუალება მოგვცეს შეჯიბრებათა კიდევ ერთი სერია ჩაგვეტარებინა.

ასევე გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ კომპანია "ჯორჯიან ქარდს" რომელიც ოთხივე სერიის განმავლობაში ფინანსურ მხარდაჭერას გვიწევდა საჩუქრების შესაძენად და კომპანია "ინოტექს", რომლის დატაცენტრშიც ჯეოლიმპის სერვერი უსასყიდლოდ არის განთავსებული და ინტერნეტით უზრუნველყოფილი.

სერიის ფარგლებში ინტერნეტ რაუნდების გარდა ოთხი დასწრებული ტური ჩატარდა:
მეორე ეპიზოდი თავისუფალ უნივერსიტეტში
მეოთხე ეპიზოდი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეხუთე ეპიზოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ფინალი კავკასიის უნივერსიტეტში

2013 წლის სერია ჩვენთვის პირველი იყო, სადაც სახალხოდ გამოვაცხადეთ ამოცანათა მიღება. სერიისთვის ამოცანები შეადგინეს ავტორებმა: ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი, მარიამ დანელია, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია, ნიკა ნადირაძე, ნიკა სანაკოევი, ბაქარ დარსაძე, ავთანდილ გოქაძე, გიორგი გულიაშვილი.

ჯეოლიმპის გუნდი მადლობას უხდის ირაკლი მერაბიშვილს და ნიკოლოზ გაბისონიას განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის რაუნდების ტესტირებასა და დასწრებული ტურების ჩატარებაში.