ჩვენი წლევანდელი სერია დამთავრდა. მარტის თვიდან მოყოლებული, ჩვენმა ჯგუფმა შემოგთავაზათ 5 ინტერნეტ–შეჯიბრი ქართველი ავტორების მიერ შედგენილი ორიგინალური ამოცანებით, ბოლოს კი სერია დავაგვირგვინეთ ფინალური ღონისძიებით. გთავაზობთ განვლილი სეზონის მოკლე მიმოხილვას.

წლევანდელი სეზონისთვის მზადება თებერვლის ბოლოს დაიწყო საიტის სრული რეკონსტრუქციით. მარტის ბოლოსკენ უკვე ტექნიკურად მზად ვიყავით შეჯიბრის ჩასატარებლად და პირველი ეპიზოდი 26 მარტს დავნიშნეთ. შეჯიბრში მონაწილეების რაოდენობამ (89) ჩვენს მოლოდინსაც და შარშანდელი სერიის მონაწილეთა ჯამურ რაოდენობასაც გადააჭარბა. ამხელა ინტერესმა ჩვენი მოტივაციაც გაამყარა და 16 აპრილს მეორე ეპიზოდი დავნიშნეთ.

მეორე ეპიზოდი მიეძღვნა 2009 წელს სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის ACM ICPC–ს ფინალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის მიერ ბრინჯაოს მედლების მოპოვებას. ასევე ჩავატარეთ დასწრებული ტური თსუ–ს სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის X კორპუსში, რომელშიც ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის 40–ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში II ეპიზოდში 105–მა ადამიანმა იასპარეზა.

ვინაიდან ივლისში ეროვნული გამოცდები და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება და საერთოდ ზაფხულის ბოლო ორ თვეში ახალგაზრდების დიდი ნაწილი დასასვენებლად მიემგზავრება, ჩავთვალეთ რომ მიზანშეწონილი იქნება სერიის ფინალის ივნისის თვეში ჩატარება. ამისთვის კი დაგეგმილი 5 ეპიზოდიდან ბოლო 3 როგორმე მაისში და ივნისში უნდა მოგვესწრო. ამგვარად, მაისში 2 ეპიზოდი დავნიშნეთ, ბოლო კი ივნისის შუაში ჩავატარეთ.

ეპიზოდების გამარჯვებულები:
Episode I - ლევან ვარამაშვილი
Episode II - ცოტნე ტაბიძე
Episode III - ნიკოლოზ გაბისონია
Episode IV - ნოდარ ამბროლაძე
Episode V - ირაკლი მერაბიშვილი

ეპიზოდების შედეგებით დგებოდა რეიტინგი საერთო, მოსწავლეთა და სტუდენტურ ჩათვლებში. მოსწავლეთა და სტუდენტური ჩათვლის პირველი სამი ადგილი დაჯილდოვდა შესაბამისი სერტიფიკატებით. მოსწავლეებში სამეული შემდეგმა მონაწილეებმა შეავსეს:
1. ცოტნე ტაბიძე (ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41–ე სკოლა)
2. ჯიმშერ სხირტლაძე (კომაროვის სკოლა–პანსიონი, "მზიური")
3. თორნიკე მანძულაშვილი (42–ე სკოლა, "მზიური")

სტუდენტებში პირველი სამეული ასეთი შედგა:
1. ნიკოლოზ გაბისონია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2. ირაკლი მერაბიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
3. ნოდარ ამბროლაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გადაწყვეტილი იყო ფინალში 20 საუკეთესო მონაწილის დაშვება. ვინაიდან ორმა ფინალისტმა ვერ მოახერხა ფინალზე დასწრება, მონაწილეობის უფლება მიეცა 21–ე და 22–ე ადგილზე გასულ მონაწილეებს. ფინალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში შედგა. გამარჯვებულთა სამეული:
1. ცოტნე ტაბიძე (ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41–ე სკოლა)
2. ლევან ვარამაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
3. ირაკლი მერაბიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ასევე გვინდა ვახსენოთ ყველა ის ადამიანი, ვინც წვლილი შეიტანა 2011 წლის სერიაში.

GeOlymp-ის გუნდი.
ელდარ ბოგდანოვი - გუნდის ხელმძღვანელი, ამოცანების ავტორი (პირველი ეპიზოდის 1A-1E, მეორე ეპიზოდის 2A-2D, მესამე ეპიზოდის 3A-3E, მეოთხე ეპიზოდის 4D, 4E, ფინალის A-G, I), გარჩევების ავტორი (1C-1E, 2A, 2B, 2D, 2E, 4A-4D, 5B, 5D).
ელენე ლაცოშვილი - საიტის დიზაინერი და დეველოპერი, ჯეოლიმპის სუვენირების დიზაინერი.
ანდრეი ლუცენკო - სერვერის ადმინისტრატორი, ამოცანების ავტორი (4B, 4C), გარჩევების ავტორი (1A, 1B), ამოცანების ტესტერი
გიორგი საღინაძე - ამოცანების ავტორი (4A, 5B), გარჩევების ავტორი (2C, 3A-3C, 3E), ამოცანების ტესტერი

მოხალისეები.
ლევან ვარამაშვილი - ამოცანების ავტორი (5A, 5C, 5E), გარჩევების ავტორი (3D, 4E, 5A, 5C, 5E).
ნიკა ჯიმშელეიშვილი - ამოცანების ავტორი (2E, 5D)

დასწრებული ტურების ორგანიზატორები.
მანანა ხაჩიძე, ერეკლე ზარანდია - II ეპიზოდი და ფინალური ღონისძიება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ამირან მეტრეველი - III ეპიზოდი (საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური")
გიორგი ბოჭორიშვილი, გიორგი მონიავა - IV ეპიზოდი (თავისუფალი უნივერსიტეტი)
გოჩა მანდარია - V ეპიზოდი (ინფორმატიკაში მოსწავლეთა ნაკრების შეკრება კომაროვის სკოლაში)

სპონსორები.
JSC Georgian Card - ფინანსური დახმარება დასწრებულ ტურებზე მონაწილეებისთვის გადაცემულ სუვენირებში
Lunet - მთელი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სერვერის უწყვეტ მუშაობას
LeavingStone - შემოგვთავაზა პრიზი ფინალური ღონისძიების გამარჯვებულისთვის