საინიციატივო ჯგუფი "ჯეოლიმპი" გთავაზობთ ახალ პროექტს - პროგრამირებაში შეჯიბრებათა ციკლს GeOlymp Series 2010. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ტარდება მრავალი ოლიმპიადა პროგრამირებაში, რომლებსაც ინტელექტუალურ შეჯიბრებათა შორის უკავიათ ძალზედ პრესტიჟული ადგილი. ვინაიდან საერთაშორისო დონე საკმაოდ მაღალია, ახალგაზრდა პროგრამისტებს ხშირად უცრუვდებათ გული ოლიმპიადებზე, როდესაც ვერ აღწევენ მათთვის მისაღებ შედეგებს. ჩვენი პროექტის მიზანია, ქართველ ახალგაზრდებს შევთავაზოთ ისეთი შეჯიბრი, რომელიც მათ თავიანთი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიონალურ ზრდას...

GeOlymp Series 2010 ციკლის ფარგლებში ყოველთვიურად ჩატარდება 2–საათიანი შეჯიბრი 5 განსხვავებული დონის ამოცანით, რომლებიც საინტერესო იქნება როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი პროგრამისტებისათვის. ამოცანების პირობები იქნება ქართულ ენაზე. შეჯიბრი ჩატარდება ACM წესებით, ანუ ამოხსნის შემოწმება სისწორეზე ხდება სერვერზე გაგზავნისთანავე და მონაწილეს ამოხსნა ჩაეთვლება, თუ მისი პროგრამა წინასწარ მომზადებულ ტესტებზე მოგვცემს სწორ პასუხებს. ამოხსნების დაწერა შესაძლებელია Pascal, C/C++, Java, C# და PHP პროგრამირების ენებზე. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოსწავლეს ან სტუდენტს, შესაბამისად მონაწილეების რანჟირება მოხდება ორი ნომინაციით, სტუდენტების ცალკე და მოსწავლეების ცალკე. სხვა მონაწილეები კონკურსგარეშე დაიშვებიან. 5 ინტერნეტ ტურის შემდეგ ჩატარდება დასწრებული ოლიმპიადა, რომელზეც დაპატიჟებული იქნება ინტერნეტ–რაუნდებში საუკეთესო შედეგების მაჩვენებელი შემადგენლობა. დაზუსტებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე "ოლიმპიადის შესახებ" სერიის წესების აღწერაში.

გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვართ პროგრამირება, გსურთ გამოცადოთ საკუთარი თავი და გაქვთ სპორტული ჟინი იყოთ საუკეთესო!!!