ტოპკოდერი 2013 წლის ღია ჩემპიონატს იწყებს, რომელსაც ამჯერად კომპანია Google გაუწევს სპონსორობას. ალგორითმების შეჯიბრის საკვალიფიკაციო რაუნდები 23 თებერვალს 21 საათზე დაიწყება, სრული განრიგი ჩვენს ღონისძიების კალენდარზე უკვე მონიშნულია თბილისის დროით. მონაწილეობის მიღება კვლავ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც 18 წლის ან უფროსია. სამი ინტერნეტ რაუნდის შემდეგ ნახევარფინალისტები ვაშინგტონში გაემგზავრებიან, სადაც 2013 წლის 10-14 ნოემბერს დასწრებული შეჯიბრებები გაიმართება.

პირველი და მეორე რაუნდი 3-3ჯერ ტარდება, რომ დროის სხვაობის მიუხედავად ყველამ შეძლოს მონაწილეობა. ასევე, თუ, მაგალითად, პირველი რაუნდის პირველი შეჯიბრის შედეგად ვერ დაწინაურდით მეორე რაუნდში, შეგიძლიათ კვლავ წეროთ პირველი რაუნდის დანარჩენი შეჯიბრები და იბრძოლოთ გადასვლისთვის.

წელს ჯამური საპრიზო თანხა 300,000$-ს შეადგენს, თუმცა ის ალგორითმების გარდა TCO-ს სხვა ტიპის შეჯიბრებებზეც განაწილდება. მათ ვისაც სურს, რომ უბრალოდ ჩავიდეს ვაშინგტონში და ფინალურ რაუნდებს დაესწროს მონაწილეობის გარეშე, ტოპკოდერი რამდენიმე კონკურსს სთავაზობს საგზურის მოსაგებად - ერთ-ერთი მათგანი ფოტოკონკურსია და მის დეტალებს ამ გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

გისურვებთ წარმატებებს!