სერია "GeOlymp Series 2011"–ის ფინალი კვირას, 26 ივნისს გაიმართა. მონაწილეებმა და სტუმრებმა 11 საათისკენ თავი მოიყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მდებარე გაეროს აუდიტორიაში, სადაც ოლიმპიადის გახსნა ჩატარდა.


ფინალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ჯეოლიმპის ხელმძღვანელმა ელდარ ბოგდანოვმა, ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ბატონმა რამაზ ბოჭორიშვილმა და თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ ერეკლე ზარანდიამ. ასევე მონაწილეებს წარმატებები უსურვა სასწავლო ცენტრ "მზიურის" დირექტორის მოადგილემ ბატონმა ამირან მეტრეველმა.


ერეკლე ზარანდია, ელდარ ბოგდანოვი, რამაზ ბოჭორიშვილი

ამირან მეტრეველი - ”მზიურის” დირექტორის მოადგილე

გახსნის შემდეგ გადავინაცვლეთ რესურს–ცენტრში, სადაც მონაწილეები კომპიუტერებთან განაწილდნენ და შეჯიბრის დაწყებამდე ემზადებოდნენ ფინალური შერკინებისთვის. შეჯიბრი ზუსტად შუადღეზე დაიწყო და პირველ 15 წუთში ფინალისტებს გაგზავნები არ განუხორციელებიათ.


ფინალური რაუნდი

პირველი სწორი ამოხსნა, რომლის ავტორი ნიკოლოზ გაბისონია იყო, მე–18 წუთზე გამოჩნდა B ამოცანაზე. ნიკოლოზს მალევე დაეწია ცოტნე ტაბიძე ამავე ამოცანაზე წარმატებული გაგზავნით, ხოლო რამდენიმე წუთში ანგარიში ზურა ისაკაძემაც გახსნა. ამის შემდეგ გაბისონიამ C ამოცანა ამოხსნა, ხოლო ჯიმშერ სხირტლაძემ G ამოცანა. პირველ საათნახევარში მონაწილეები ზუსტად ამ სამ ამოცანას ებრძოდნენ და 90 წუთის მიწურულს 5 ფინალისტს ჰქონდა სამივე ამოხსნილი.

შეჯიბრის 98–ე წუთზე ჩვენმა შარშანდელმა ჩემპიონმა ლევან ვარამაშვილმა პირველმა ამოხსნა D ამოცანა და ცხრილს სათავეში ჩაუდგა, რითაც წარმატების ზედიზედ მეორედ მოპოვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. თუმცა სულ რაღაც 14 წუთში ცოტნე ტაბიძემ E ამოცანის წარმატებული გაგზავნა იზეიმა და ლევანს გადაუსწრო. ამის შემდეგ ცოტნეს პირველობა აღარავისთვის დაუთმია, ბოლო ორ საათში კიდევ 2 ამოცანა ამოხსნა და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

დასწრებული ფინალური რაუნდის სრული შედეგები ამ ბმულზეა. ინტერნეტ რაუნდის შედეგები კი აქ შეგიძლიათ იხილოთ.

დაჯილდოებაზე ყველა მონაწილემ ფინალის ექსკლუზიური მაისური მიიღო, ინტერნეტით ჩატარებული რაუნდების სტუდენტური და მოსწავლეთა ჩათვლის პირველ სამ ადგილს სერტიფიკატები გადაეცათ, ფინალის სამმა გამარჯვებულმა კი შესაბამისი დიპლომები და პრიზები მიიღეს. მესამე ადგილზე გასულ ირაკლი მერაბიშვილს 320–გიგაბაიტიანი external HDD გადაეცა, მეორეადგილოსან ლევან ვარამაშვილს 500–გიგაბაიტიანი external HDD, გამარჯვებულ ცოტნე ტაბიძეს კი კომპანია LeavingStone–მა Amazon Kindle აჩუქა.

ირაკლი მერაბიშვილი

ლევან ვარამაშვილი

ცოტნე ტაბიძე

ასევე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელმა ნინო ტყეშელაშვილმა დაასაჩუქრა ორი ფინალისტი გოგონა სამახსოვრო საჩუქრებით.


ხატია ჭითაშვილი

ანი მარგველაშვილი

დიდი ჯგუფური სურათის გადაღების შემდეგ...


ჯეოლიმპის 2011 წლის სერიის ფინალისტები

...ჩვენ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული საუცხოო ფურშეტი გველოდა.


ფინალური რაუნდის დასასრული

გვსურს ასეთი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა გადავუხადოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და თსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობას, კერძოდ კი მის თავმჯდომარე - ერეკლე ზარანდიას.