3 ნოემბერს ჩატარდა ACM-ის მიერ დაფუძნებული International Collegiate Programming Challenge ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ეს შეჯიბრი წარმოადგენს პროგრამირებაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მეოთხედფინალიდან დაწინაურებული გუნდები 1-2 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის ნახევარფინალში. ACM ICPC-ის ფინალი 2013 წლის ივლისში რუსეთში გაიმართება.
მეოთხედფინალი დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში ის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში ათი უმაღლესი სასწავლებელის 48 გუნდმა მიიღო მონაწილეობა:
უმაღლესი სასწავლებელი | გუნდების რაოდენობა |
---|---|
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU) | 13 |
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni) | 8 |
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU) | 6 |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU) | 6 |
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU) | 4 |
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU) | 3 |
კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) | 3 |
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French) | 2 |
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU) |
2 |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU) | 1 |
მეოთხედფინალში პირველ ადგილზე 5 ამოხსნილი ამოცანით გავიდა Tbilisi SU #2 Scadoosh (ბექა ბარბაქაძე, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი).
მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა FreeUni 1 5 ამოცანით (ნიკა ბარბაქაძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკოლოზ მაჭავარიანი, მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი)
მესამე ადგილი 5 ამოცანით - Tbilisi SU #1 (ნოდარ ამბროლაძე, ზურაბ ისაკაძე, გიორგი შავგულიძე, მწვრთნელი ელდარ ბოგდანოვი)
სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
შარშანდელთან შედარებით მონაწილე გუნდების რაოდენობა 17-ით გაიზარდა.განახლება:
ორგანიზატორის ცნობით, თავისუფალ უნივერსიტეტს შეუნარჩუნდა შარშანდელი ქვოტა ნახევარფინალზე გუნდების წარსადგენად და კვლავ 4 გუნდი დაიშვა ამ სასწავლებლიდან. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასევე 4 გუნდი გადის. 3-3 გუნდით იასპარეზებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2 გუნდით წარსდგება ნახევარფინალში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, თსუ-ს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი. კიდევ ერთი გუნდი ეყოლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს.