Codecademy Codecademy პლატფორმა ორმა მეგობარმა - 21 წლის ზაკ სიმსმა და 22 წლის რაიან ბუბინსკიმ შექმნეს, რომლებსაც პროგრამირების სწავლა სურდათ, მაგრამ არსებულმა რესურსებმა იმედი გაუცრუათ. ახლა მათი სისტემა ისეა აწყობილი, რომ მომხმარებელს ინტერაქტიული საიტი ასწავლის პროგრამირების ენას, გზადაგზა აძლევს პატარა დავალებებს და პასუხებსაც უმოწმებს.

ასეთი გზით სწავლა უფრო მეტად მოსახერხებელი და მარტივია. საიტის შექმის ერთი წლის თავზე მისი მომხმარებლების რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

ამჟამად კურსების ძირითად ჩამონათვალში ჯავასკრიპტი, პითონი, რუბი, jQuery ბიბლიოთეკა და მარკაპ ენები (Html/CSS) არიან, თუმცა სისტემას აქვს კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებმა თავად შექმნან და დაამატონ საკუთარი ინტერაქტიული კურსები, ამიტომ იქ მრავლად იპოვით სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებს და სურვილის შემთხვევაში თქვენც შეგიძლიათ რომელიმე თემის ირგვლივ პატარა კურსი ააწყოთ.

ინტერაქტიული მეთოდის არსი საიტის პირველივე გვერდზე ჩანს* (არც რეგისტრაციაა აუცილებელი). ასე რომ, სურვილის შემთხვევაში ახლავე შეგიძლიათ სწავლის დაწყება :)


* პირველ გვერდზე გაშვებულია ჯავასკრიპტის კურსი. აღსანიშნავია, რომ ჯავასკრიპტი ყველაზე გავრცელებული ენაა ინტერნეტ ბრაუზერებში პროგრამული კოდის შესასრულებლად, თუმცა სულ უფრო მეტად იზრდება მისი მნიშნველობა სერვერის მხარეს. მაგალითად, ჯავასკრიპტით წერა შესაძლებელია Node.js პოპულარულ პლატფორმაზეც, რომელიც გამოიყენება სწრაფი და მასშტაბური ვებ სისტემების შესაქმნელად.