ამოცანების ავტორები

თუ გაქვთ ორიგინალური და საინტერესო საოლიმპიდო ამოცანები, რომლებიც გინდათ შემოგვთავაზოთ ციკლ "GeOlymp Series 2013"-ში გამოსაყენებლად, გამოაგზავნეთ ისინი მისამართზე ebogdanov@geolymp.org. ამოცანის განსახილველად მჭირდება ორი დოკუმენტი: ამოცანის პირობა და ამოცანის ამოხსნის იდეა. ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი, პირობა სრულყოფილად ეწეროს ან ამოხსნის იდეა დაწვრილებით და ყველანაირი დამტკიცებით იყოს ჩამოწერილი. მთავარია გასაგები იყოს, რას ითხოვს ამოცანა.

ამოცანები უნდა იყოს ორიგინალური - ანუ შემოთავაზებული ამოცანა არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ნებისმიერ სხვა შეჯიბრზე ქართულ ან უცხო ენაზე. ასევე სასურველია, რომ იგი არ შეიცავდეს ძველ ამოცანებში გამოყენებულ იდეებს. ამოცანების სირთულეების შესახებ წარმოდგენა შეგიძლიათ ჯეოლიმპის წინა შეჯიბრებზე გამოყენებული ამოცანებიდან შეიქმნათ. ვიხილავ ნებისმიერი დონის (A,B,C,D,E) ამოცანებს.

ყოველ რაუნდამდე 2 კვირით ადრე მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ამოცანები იქნას გამოყენებული ამ რაუნდში. თუ თქვენი ამოცანის გამოყენებას გადავწყვეტ და ამ რაუნდში მისი გამოყენება გაწყობთ, გთხოვთ დამატებითი მასალების გამოგზავნას. ესენია:
1) ამოცანის სრულყოფილი პირობა
2) ამოცანის ამოხსნის პროგრამული კოდი
3) გაგზავნილი ამოხსნის ავტომატური ტესტირებისთვის საჭირო ტესტების კრებული
მასალები რაუნდამდე არაუგვიანეს 1 კვირით ადრე უნდა იქნას მოწოდებული. თუ შემდგომი ტესტირების პროცესში ავტორის ამოხსნაში ან ტესტებში შეცდომები აღმოჩნდა, მან ისინი ოპერატიულად უნდა გაასწოროს.
ამოცანის ავტორს არ შეუძლია იმ რაუნდში მონაწილეობის მიღება, სადაც მისი ამოცანაა გამოყენებული.

ავტორის მიერ სერიის მანძილზე შემოთავაზებული ყველა ამოცანის ანაზღაურება მოხდება ერთიანად სერიის დასრულების (ფინალური რაუნდის) შემდეგ. ანაზღაურების სქემა შემდეგია:
A, B, C დონის ამოცანა - 70 ლარი
D დონის ამოცანა - 90 ლარი
E დონის ამოცანა - 100 ლარი
ფინალური რაუნდის ამოცანა - 100 ლარი


რაუნდების ტესტერები

ყოველი რაუნდისთვის საჭიროა ადამიანი, რომელიც მოახდენს ამოცანების ტესტირებას. ტესტირებაში შედის:
1) შემოწმება, რომ ამოცანების პირობები გასაგებია და არ შეიცავს ორაზროვნებას
2) პროგრამული ამოხსნების დაწერა (იმ ამოცანებისთვის, სადაც შემავალი მონაცემების ზომა დიდია ან ოპტიმალური ამოხსნა ტესტის გასავლელად განკუთვნილი დროის ლიმიტს უახლოვდება, საჭიროა Java-ზე ამოხსნის დაწერა)
3) ამოცანების ტესტების შეზღუდვებთან შესაბამისობაზე შემოწმება
4) ამოცანების ტესტების სისრულის შემოწმება, ანუ შემოწმება რომ ისინი საკმარისია არასწორი და ნელი ამოხსნების გამოსავლენად

ტესტერი მთელი რაუნდის ამოცანებს ტესტავს რაუნდამდე ერთი კვირით ადრე და საჭიროების შემთხვევაში ამ კვირის განმავლობაში უნდა შეეძლოს დამატებითი ტესტირების ჩატარება. ტესტერობის კანდიდატებად მხოლოდ გამოცდილი მონაწილეები განიხილებიან.

ტესტერების ანაზღაურება მოხდება ერთიანად სერიის დასრულების (ფინალური რაუნდის) შემდეგ. ანაზღაურების სქემა შემდეგია:
GeOlymp-ის რეგულარული ეპიზოდის ტესტირება - 200 ლარი
GeOlymp-ის ფინალური რაუნდის ტესტირება - 400 ლარი