11 ივნისს Google Code Jam 2011 შეჯიბრის მესამე რაუნდი ჩატარდა, რომელშიც 500 საუკეთესო მონაწილე ასპარეზობდა მთელი მსოფლიოდან. მათ რიცხვში ოთხი ქართველიც შედიოდა: ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი საღინაძე, ნიკოლოზ გაბისონია და აკაკი მამაგეიშვილი. რაუნდის შედეგად შეირჩა 25 მონაწილე, რომელიც 29 ივლისს ტოკიოში ჩასატარებელ ფინალში იბრძოლებს წლევანდელი codejam–ის ჩემპიონის ტიტულისთვის. ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილმა უაღრესად დამაჯერებელი ასპარეზობის შედეგად მოიპოვა ამ რაუნდში მე-2 ადგილი და ფინალში საგზური. ვულოცავთ მას და ვუსურვებთ იაპონიაში წარმატებით გამგზავრებას და გამარჯვებას!

Google Code Jam ახალი ფორმატით 2008 წლიდან ტარდება და მისი მონაწილეების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ნიკა ჯიმშელეიშვილი უკვე მესამედ გადავიდა ფინალში. 2009 წელს შეჯიბრში ათი ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსოფლიოს 111 ქვეყანას წარმოადგენდა. მაშინ ნიკამ ფინალურ შეჯიბრში მე-6 ადგილი დაიკავა. 2010 წელს codejam-ში უკვე 12,092 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 125 ქვეყნიდან. ნიკამ ფინალისტებს შორის ადგილი კვლავ დაიმკვიდრა, თუმცა ფინალში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.