13 ივლისს საღამოს 9 საათზე Codeforces საიტზე MemSQL start[c]up შეჯიბრის პირველი რაუნდი იმართება. აღნიშნული ღონისძიება ორი რაუნდისგან შედგება და კომპანია MemSQL-ის პროგრამისტების, მათ შორის ნიკა ჯიმშელეიშვილის, მიერ არის მომზადებული. შეჯიბრების პირველი რაუნდი 5 ამოცანისგან შედგება და სირთულით Codeforces ჩვეულებრივი რაუნდის ანალოგიურია. მონაწილეობისთვის შეზღუდვები არ არის.
მეორე რაუნდი 3 აგვისტოს გაიმართება და ამოცანათა სირთულე მოიმატებს. მონაწილეობისთვის დაიშვება წინა რაუნდის შედეგებით პირველი 500 ადამიანი, მეორე რაუნდის პირველი ასეული კი საჩუქრად start[c]up-ის მაისურებს მიიღებს.
მათთვის, ვინც სილიკონის ველის რეზიდენტია, კომპანია MemSQL მეორე რაუნდის პარალელურად 25 კაციან დასწრებულ ტურს უმასპინძლებს.
MemSQL არის ძალიან სწრაფი, in-memory მონაცემთა ბაზა, რომელსაც დიდი მოცულობის მონაცემებისა და რეალურ დროში ანალიზისთვის იყენებენ. მას ტერაბაიტების ზომის ინფორმაციის სწრაფი დამუშავება SQL ენის გამოყენებით შეუძლია. მონაცემების ზრდასთან ერთად ტრადიციული რელაციური მონაცემთა ბაზების გაფართოება ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესს მოითხოვს, MemSQL-ის შემთხვევაში კი შესაძლებელია მარტივად მოხდეს მასშტაბის ჰორიზონტალური მომატება და შედარებით იაფი კომპიუტერული აპარატურის დამატება.
MemSQL ბაზა SQL მოთხოვნებს C++ ენაში გარდაქმნის და კომპილირებულ პროგრამებად ინახავს, რითიც მნიშვნელოვნად ზრდის წარმადობას.
კომპანიის პროგრამისტების უმრავლესობას ტოპკოდერის მოწინავე მონაწილეები და IOI / ICPC ჩემპიონატების მედალოსნები წარმოადგენენ. როგორც ამბობენ, მათთან უამრავი საინტერესო ამოცანაა გადასაჭრელი. მაგალითად, SQL მოთხოვნების ოპტიმიზატორი, დისტრიბუციული სისტემებისთვის კლასტერების მართვა და ბლოკებისგან თავისუფალი storage ძრავა MemSQL ბაზისთვის მათი პროგრამისტების მიერ დაიწერა.
თუ გსურთ მათ გუნდში ჩართვა და დაინტერესებული ხართ კომპანიაში სტაჟირებით ან სრულ განაკვეთზე მუშაობით, შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი რეზუმე მისამართზე: topcoder@memsql.com