18 სექტემბერს რუსეთში გაიმართა Russian Code Cup-ის ფინალი. შეჯიბრების 50 მონაწილიდან უმრავლესობა იყო რუსეთიდან, ბელარუსიიდან და უკრაინიდან. თუმცა მათთან ერთად ასპარეზობდა ერთი მონაწილე საქართველოდან – ნიკა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც შესარჩევ რაუნდში 6-დან 6 ამოცანა ამოხსნა და 22–ე ადგილი დაიკავა. ის გვიამბობს თავის შთაბეჭდილებების და ჩემპიონატის შესახებ:

Russian Code Cup–ის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. მის მთავარ საიტზე ყურადღებას თავიდანვე იქცევდა არც თუ ისე მცირე საპრიზო თანხები პირველი 3 ადგილისთვის. თუმცა, თავიდანვე არ იყო ნათელი შეეძლოთ თუ არა მასში მონაწილეობის მიღება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

ანალოგიური ინდივიდუალური შეჯიბრებების მსგავსად (TopCoder Open, Google Code Jam), აქაც ტარდებოდა შესარჩევი ინტერნეტ რაუნდები და გამარჯვებულებს იწვევდნენ მოსკოვში დასწრებულ ტურზე (მგზავრობის და იქ ცხოვრების სრული დაფინანსებით). მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, რომლის ასაკიც არანაკლებ 18 წელი იყო.

3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან 600 მონაწილე გადიოდა ძირითად შესარჩევ ტურში. მათ შორის რამდენიმე ქართველი მონაწილეც აღმოჩნდა. მათ უკვე გაინაღდეს სამახსოვრო მაისური, თუმცა ფინალში საკმაოდ ბევრი, 50 მონაწილე გადიოდა და იქ მოხვედრის შანსი საკმაოდ კარგი იყო.

შეჯიბრების ამოცანებს ამ საქმის ცნობილი ექსპერტები ადგენდნენ პეტერბურგის უნივერსიტეტიდან, ანდრეი სტანკევიჩის მეთაურობით. პირობები რუსულ ენაზე იყო, რამაც განაპირობა ის, რომ შეჯიბრების მონაწილეები მხოლოდ რუსულენოვანი ქვეყნებიდან იყვნენ და შესაბამისად კონკურენციაც ოდნავ დაბალი იყო ვიდრე ინგლისურენოვან შეჯიბრებებზეა, თუმცა ეს შესამჩნევი აღარ იყო ფინალში, სადაც ძალიან ძლიერმა შემადგენლობამ მოიყარა თავი.

მთავარ შესარჩევ რაუნდში 3 საათში ამოსახსნელად 6 ამოცანა იყო წარმოდგენილი. აქ ამოცანების გამოცდილ ავტორებს მოუვიდათ საკმაოდ სერიოზული ლაფსუსი. კერძოდ, ამოცანა F მონაწილეთა ნაწილისთვის ცნობილი იყო რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სხვა შეჯიბრებიდან, რამაც ბევრ მონაწილეს საქმე გაუიოლა, ბევრს კი პირიქით.

იმის გათვალისწინებით, რომ შეჯიბრება პირველად ტარდებოდა, ამასთან რუსეთში ანალოგიური ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარების შემთხვევები აქამდე ცნობილი არ იყო. მონაწილეებს ფინალში სასიამოვნო სიურპრიზები ელოდათ.

16 სექტემბერსა და 17 სექტემბრის დილით მონაწილეები ორგანიზატორებმა მოსკოვის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში დააბინავეს. მათ დილიდანვე სასიამოვნო გარემო ელოდათ: სასტუმროს 29–ე სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზებიდან მათ არამარტო მოსკოვის ხედებით დატკბობა შეეძლოთ, არამედ სხვადასხვა კომპიუტერული (Xbox 360, PlayStation 3) თუ სამაგიდო თამაშით გართობაც. მონაწილეთა ერთი ჯგუფი აქტიურად დაკავდა ახალი თამაშის წესების შესწავლით და მისი პრაქტიკაში გამოცდით.

თამაში იმდენად აზარტული გამოდგა, რომ განრიგით განსაზღვრული ღონისძიების დასრულების შემდეგ მათ დარბაზთან ახლოს მდებარე მაგიდასთან გადაინაცვლეს და შემდეგი ღონისძიების – სპონსორების პრეზენტაციის დროც შეუმჩნევლად მოვიდა.

პრეზენტაციების დაწყება საკუთარ თავზე მთავარი ორგანიზატორის გენერალურმა დირექტორმა ითავა. საუბარი ძირითადად ეხებოდა რუსულენოვან ქვეყნებში Software ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობას და პრობლემებს. ყველა მონაწილემ საკუთარი ან სპონსორების სურვილით გადმოსცა საკუთარი ხედვა. შემდეგ Mail.ru ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენლის პრეზენტაციას მოჰყვა Mail.ru Group–ში შემავალი ცნობილი სოციალური ქსელის პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი ინჟინერის მოხსენება. ეს ყველაფერი დასრულდა თანაორგანიზატორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების გამოსვლით. თუმცა, პრეზენტაციებს შორის მონაწილეებს ფინალში გასვლისთვის შეჯიბრების წესებით დაპირებული ფასიანი პრიზი გადასცეს, რამაც ერთიორად აამაღლა მათი განწყობა – მოსალოდნელი სიმბოლური პრიზის ნაცვლად ყველა მათგანმა iPad 2 მიიღო.

ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ორგანიზატორები ამ შეჯიბრების ჩატარებას იმაზე ბევრად სერიოზულად ეკიდებოდნენ ვიდრე ეს მსგავს შემთხვევებში ხდება. არცერთ ანალოგიურ შეჯიბრებაში არ მონაწილეობდა აქტიურად ისეთი მსხვილი კორპორაციის გენ. დირექტორი, როგორიც Mail.ru Group¬-ია. მრავალი შეჯიბრების ფინალებზე ნამყოფი მონაწილეები მას უკვე აყენებდნენ TopCoder Open–ის გვერდზე. აღარაფერს ვამბობთ ისეთ შეჯიბრებებზე, როგორიცაა Google Code Jam, რომლის ორგანიზაციის დონემაც ბოლო წლებში დიდი უკუსვლა განიცადა. ცუდი ამინდის მიუხედავად მონაწილეებს საზრუნავი არ ჰქონიათ – სასტუმროში ყველა პირობა იყო შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ცალკე ნომერში იყო განთავსებული (რაც TCO-ზეც კი არ ხდება) და მენიუში ისეთი ეგზოტიკური ხილიც არ იყო უცხო, როგორიცაა Dragon Fruit.