ძვირფასო მეგობრებო!

გაუწყებთ, რომ ვიწყებთ პროგრამირებაში შეჯიბრებათა ციკლს "GeOlymp Series 2011". შარშანდელი ციკლის შემდეგ ჩვენთან ბევრი რამე შეიცვალა. დაგვტოვეს დავით რაჭველიშვილმა და გიორგი ლეკვეიშვილმა, რომლებმაც კომპანია "Google"–ის რიგები შეავსეს. მთლიანად გადაწერილი იყო საიტი, რომლის ფუნქციონალის გაფართოებაზე ჩვენი დეველოპერი ელენე ლაცოშვილი ახლაც მუშაობს. მომავალში დაგეგმილია შეჯიბრის და Upsolving- ის ინტერფეისის ვებში სრული ინტეგრაცია, ახალი ტიპის შეჯიბრების შემოთავაზება, საგანმანათლებლო მასალების მეტი ინტენსივობით განთავსება. ასევე შევეცდებით გავაშუქოთ საქართველოში ჩატარებული სხვა პროგრამირების ოლიმპიადები, რომ მივიპყროთ თქვენი ყურადღება და ინტერესი ამ მიმართულებისადმი.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეჯიბრებათა სერია მალევე დავიწყოთ და ამიტომ პირველი შეჯიბრი, ან როგორც ჩვენ ვეძახით "ეპიზოდი", უკვე 26 მარტს ჩატარდება. სერიაში სულ 5 ინტერნეტ–რაუნდი იქნება, რომლების საფუძველზე შევარჩევთ საუკეთესო მონაწილეებს დასწრებულ ფინალში დასაპატიჟებლად.

პირველი ეპიზოდი შარშანდელი ფორმატით წარიმართება: 2 საათი, 5 განსხვავებული დონის ამოცანა, ამოხსნები მიიღება C/C++, Java, Pascal, C#, PHP პროგრამირების ენებზე, ხოლო კოდების გაგზავნა eJudge სისტემის მეშვეობით მოხდება.

სანამ შაბათი დამდგარა, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ eJudge-ის მოხმარების ინსტრუქცია და მოსინჯოთ სისტემა სატესტო კონტესტში.

გელით ყველას! :)