თქვენ არ გაქვთ ამ გვერდის ნახვის უფლება. გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია შესაბამისი მომხმარებლის სახელით.
სიახლე ACM ICPC - ქართული გუნდი სტუდენტური მსოფლიო ოლიმპიადის ფინალში!

ACM ICPC პროგრამირების ჩემპიონატია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება სტუდენტებს შორის. უძლიერეს გუნდებთან ბრძოლა საკმაოდ ძნელია, თუმცა წელს ფინალში დაწინაურდა ქართული გუნდი შემადგენლობით: თორნიკე მანძულაშვილი, გიორგი გულიაშვილი და ნიკოლოზ სვანიძე. მწვრთნელები - გიორგი საღინაძე და ზაზა გამეზარდაშვილი.

გუნდი თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლას წარმოადგენს ოლიმპიადაზე. 5000-ზე მეტი უნივერსიტეტიდან ისინი 80 საუკეთესო სასწავლებელს შორის იასპარეზებენ. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ნახევარფინალში მონაწილე ქართულ გუნდებს შორის პირველი ოთხი თავისუფალი უნივერსიტეტიდან არის.

რეგიონის შედეგების სანახავად ამ ბმულს მიჰყევით: ჩრდილო-დასავლეთ ევროპის რეგიონალური შეჯიბრი

ასეთი მოვლენა ჩვენს საოლიმპიადო ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა. პირველი 2009 წელს იყო, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა - ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი, გიორგი ლეკვეიშვილი, ელდარ ბოგდანოვი - მიიღო ფინალურ რაუნდში მონაწილეობა (მათ შემდეგაც წარმატებით იასპარეზეს და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ).

ACM ICPC ჩემპიონატის ფინალი მომავალი წლის მაისში, მაროკოშია დაგეგმილი. ვულოცავთ ბიჭებს ამ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ :)

უნივერსიტეტის რეპორტაჟი ამ თემაზე:

სიახლე Rockethon პროგრამირების შეჯიბრი
Rockethon

კომპანია Rocket Fuel-ის თანამშრომლებმა, და მათ შორის ელდარ ბოგდანოვმა, მოამზადეს შეჯიბრი Rockethon, რომელიც კვირას, 16 თებერვალს, 22:00 საათზე codeforces საიტის ბაზაზე გაიმართება. თუ გსურთ, რომ Rocket Fuel-ის გუნდს შეუერთდეთ, ეს შეჯიბრი კარგი შანსია თქვენი შესაძლებლობების წარმოსადგენად. იმის გარდა, რომ შედეგებს გავლენა ექნება რეიტინგზე, კომპანია პრიზებს და მაისურებსაც გასცემს.

Rocket Fuel ქმნის ტექნოლოგიურ პლატფორმას, რომელიც რეკლამების ავტომატურ მიზნობრიობის და ოპტიმიზაციის ამოცანებს ასრულებს. მათ მრავალი საინტერესო პრობლემა აქვთ გადასაჭრელი სხვადასხვა სფეროდან – დისტრიბუციული სისტემები, ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურა და ოპტიმიზაცია. Codeforces საიტზე გამოქვეყნებულ ანონსში ელდარი დეტალურად საუბრობს კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ, ასევე პირად შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

შეჯირზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ასე რომ, გისურვებთ წარმატებას! :)

სიახლე hack@CST – პირველი სტუდენტური ჰაკათონი საქართველოში
hackatcst

20-21-22 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება პირველი სტუდენტური ჰაკათონი საქართველოში. ღონისძიებაში 5+ უნივერსიტეტი და 100-ზე მეტი სტუდენტია ჩართული ხოლო საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სტუდენტს ან თუნდაც სკოლის მოსწავლეს ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეუძლია. ჰაკათონის მთლიანი ორგანიზება უშუალოდ სტუდენტების მიერ ხდება.

იქნება საინტერესო საუბრები, გამოცდილი ადამიანების tech-talk-ები და speech-ები. მათი სია ღონისძიების საიტზეა გამოქვეყნებული: http://unihack.ge/

თვითონ ჰაკათონი 48 საათს გაგრძელდება და შედეგად სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. ასევე სპონსორები თავიანთ ნომინაციებს და დამატებით პრიზებს წარმოადგენენ. რამდენიმე მათგანისგან იქნება სამსახურის დაწყების შეთავაზებაც.

მონაწილე გუნდებისთვის თემა შეზღუდული არ არის – Android აპლიკაცია, Chrome extension, ვებ აპლიკაცია, Arduino-ს პროგრამა, თამაში ან ნებისმიერი რამ, რაც გაგიხარდებათ.

რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 15 დეკემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის გასავლელად თქვენს შესაბამის ბმულს მიჰყევით:
- http://bit.ly/hack-cst-group (ჰაკათონის მონაწილე გუნდებისთვის)
- http://bit.ly/hack-cst-guest (სტუმრებისთვის)

სიახლე ACM ICPC 2013 - სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი

შაბათს, 26 ოქტომბერს ჩატარდა ACM-ის მიერ დაფუძნებული International Collegiate Programming Challenge ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ეს შეჯიბრი წარმოადგენს პროგრამირებაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მეოთხედფინალიდან დაწინაურებული გუნდები 1-2 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის ნახევარფინალში. ACM ICPC-ის ფინალი 2014 წლის ივნისში რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გაიმართება.

მეოთხედფინალი დამოუკიდებლად მიმდინარეობდა სხვადასხვა რეგიონებში. ჩვენს ქვეყანაში მას კვლავ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს. რეგიონალურ შეჯიბრებაში 11 უმაღლესი სასწავლებლის 39 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვიდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდი და სამი ამოცანით ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

უმაღლესი სასწავლებელი გუნდების რაოდენობა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Tbilisi SU) 9
თავისუფალი უნივერსიტეტი (FreeUni) 5
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (Tbilisi IBSU) 5
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (Georgian TU) 4
წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის
ქართული უნივერსიტეტი (Tbilisi SANGU)
4
კავკასიის უნივერსიტეტი (Caucasus University) 4
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Batumi SU) 4
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Kutaisi ATSU) 1
ქართულ-ფრანგული ინსტიტუტი (Tbilisi SU Geo-French) 1
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (Tbilisi GAU) 1
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (Sokhumi SU) 1

მეოთხედფინალში პირველ ადგილზე 7 ამოხსნილი ამოცანით გავიდა FreeUni Bethrezen: მანძულაშვილი თორნიკე, გიგლემიანი გიორგი, გულიაშვილი გიორგი (მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი).
მეორე ადგილი 7 ამოცანით დაიკავა ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა FreeUni Garbage Collector: ნიკა ბარბაქაძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკოლოზ მაჭავარიანი (მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი)
ხოლო მესამე ადგილზე ასევე 7 ამოცანით გავიდა Tbilisi SU 1 Scadoosh: ბექა ბარბაქაძე, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია (მწვრთნელი ნიკოლოზ გაბისონია).

სრული შედეგები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ. ლურჯად მონიშნულია ის გუნდები, რომლებიც ნახევარფინალში გადავიდნენ. შეჯიბრებაში კონკურსგარეშე მონაწილეობდა მოსწავლეთა რამდენიმე გუნდი და ასევე გამოცდილი ოლიმპიელები, რომელთაც ACM ICPC ოლიმპიადაზე გასვლის ლიმიტი ამოწურეს. შედეგებში ეს გუნდები ვარსკვლავით არიან მონიშნული.

გასულ წლებში ჩატარებული ACM ICPC ოლიმპიადების შესახებ ინფორმაციის და შედეგების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე: geolymp.org/page/tag/ACM ICPC

სიახლე IOI 2013 - საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ავსტრალიაში
ioi2013

6-13 ივლისს ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადა, IOI 2013 გაიმართა. შეჯიბრებიდან საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

დემირელის კოლეჯის XII კლასის მოსწავლე, გიორგი გულიაშვილი, 33-ე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მიიღო, ხოლო კომაროვის სკოლის XII კლასის მოსწავლე ჯიმი სხირტლაძემ, ამავე სკოლის XI კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სვანიძემ და ვეკუას სკოლის XII კლასის მოსწავლე თორნიკე მანძულაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ნაკრებს ავსტრალიაში თან ახლდნენ მწვრთნელები: გიორგი მანდარია (ხელმძღვანელი), ზაზა გამეზარდაშვილი და გურამ ქოთოლაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ოლიმპიადას ჰქონდა ბევრი საორგანიზაციო ხარვეზი, რამაც გარკვეულწილად მონაწილეების შედეგებზეც იმოქმედა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ნაკრების შედეგი ძალიან დადებითია. ვულოცავთ ამ მორიგ გამარჯვებას ჩვენს ყმაწვილებს, მათ მასწავლებლებს და ყველას, ვინც იღებდა მონაწილეობას ნაკრების მომზადებაში და გულშემატკივრობდა მას!

შეჯიბრების სრული შედეგები გამოქვეყნებულია გვერდზე: http://ioi.eduardische.com/results/2013

სიახლე MemSQL start[c]up შეჯიბრის პირველი რაუნდი იწყება
ioi2013

13 ივლისს საღამოს 9 საათზე Codeforces საიტზე MemSQL start[c]up შეჯიბრის პირველი რაუნდი იმართება. აღნიშნული ღონისძიება ორი რაუნდისგან შედგება და კომპანია MemSQL-ის პროგრამისტების, მათ შორის ნიკა ჯიმშელეიშვილის, მიერ არის მომზადებული. შეჯიბრების პირველი რაუნდი 5 ამოცანისგან შედგება და სირთულით Codeforces ჩვეულებრივი რაუნდის ანალოგიურია. მონაწილეობისთვის შეზღუდვები არ არის.

მეორე რაუნდი 3 აგვისტოს გაიმართება და ამოცანათა სირთულე მოიმატებს. მონაწილეობისთვის დაიშვება წინა რაუნდის შედეგებით პირველი 500 ადამიანი, მეორე რაუნდის პირველი ასეული კი საჩუქრად start[c]up-ის მაისურებს მიიღებს.

მათთვის, ვინც სილიკონის ველის რეზიდენტია, კომპანია MemSQL მეორე რაუნდის პარალელურად 25 კაციან დასწრებულ ტურს უმასპინძლებს.

MemSQL არის ძალიან სწრაფი, in-memory მონაცემთა ბაზა, რომელსაც დიდი მოცულობის მონაცემებისა და რეალურ დროში ანალიზისთვის იყენებენ. მას ტერაბაიტების ზომის ინფორმაციის სწრაფი დამუშავება SQL ენის გამოყენებით შეუძლია. მონაცემების ზრდასთან ერთად ტრადიციული რელაციური მონაცემთა ბაზების გაფართოება ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესს მოითხოვს, MemSQL-ის შემთხვევაში კი შესაძლებელია მარტივად მოხდეს მასშტაბის ჰორიზონტალური მომატება და შედარებით იაფი კომპიუტერული აპარატურის დამატება.

MemSQL ბაზა SQL მოთხოვნებს C++ ენაში გარდაქმნის და კომპილირებულ პროგრამებად ინახავს, რითიც მნიშვნელოვნად ზრდის წარმადობას.

კომპანიის პროგრამისტების უმრავლესობას ტოპკოდერის მოწინავე მონაწილეები და IOI / ICPC ჩემპიონატების მედალოსნები წარმოადგენენ. როგორც ამბობენ, მათთან უამრავი საინტერესო ამოცანაა გადასაჭრელი. მაგალითად, SQL მოთხოვნების ოპტიმიზატორი, დისტრიბუციული სისტემებისთვის კლასტერების მართვა და ბლოკებისგან თავისუფალი storage ძრავა MemSQL ბაზისთვის მათი პროგრამისტების მიერ დაიწერა.

თუ გსურთ მათ გუნდში ჩართვა და დაინტერესებული ხართ კომპანიაში სტაჟირებით ან სრულ განაკვეთზე მუშაობით, შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი რეზუმე მისამართზე: topcoder@memsql.com

სიახლე GeOlymp 2013 - ფინალური რაუნდის შედეგები

23 ივნისს ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის ფინალური რაუნდი გაიმართა. ღონისძიებას უკვე მეორედ გაუწია მასპინძლობა კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას უნივერსიტეტს და ტექნოლოების სკოლის დეკანს - ბატონ გიორგი დათუკიშვილს.

ტრადიციულად, შეჯიბრების პარალელურად მიმდინარეობდა ონლაინ რაუნდი ყველა კონკურსგარე მსურველისთვის და მისი შედეგები ამ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ფინალის შედეგების სანახავად კი ამ ბმულს მიჰყევით.


Nikoloz Svanidze

პირველი ადგილი 8 ამოცანით მოიპოვა კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლემ - ნიკოლოზ სვანიძემ და მიიღო პრიზი Samsung Galaxy note N8000 პლანშეტი.


Jimi Skhirtladze

მეორე ადგილზე გავიდა ასევე კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლე - ჯიმი სხირტლაძე, რომელმაც 7 ამოცანა წარმატებით ამოხსნა. ჯეოლიმპისგან მას საჩუქრად Nikon L820 ფოტოაპარატი გადაეცა.


Zurab Kutsia

მესამე ადგილზე 6 ამოცანით გავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი - ზურაბ კუცია და Kindle PaperWhite ელექტრონული წიგნების მკითხველით დაჯილდოვდა.


GeOlymp 2013 Finals

GeOlymp 2013 Finals

GeOlymp 2013 Finals

სრული ფოტო ალბომის ნახვა შესაძლებელია ჩვენს Facebook გვერდზე.

ჯეოლიმპის 2013 წლის სერიის ჩატარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დაფინანსებას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვუხდით მათ მადლობას, რომ მხარში დაგვიდგნენ და საშუალება მოგვცეს შეჯიბრებათა კიდევ ერთი სერია ჩაგვეტარებინა.

ასევე გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ კომპანია "ჯორჯიან ქარდს" რომელიც ოთხივე სერიის განმავლობაში ფინანსურ მხარდაჭერას გვიწევდა საჩუქრების შესაძენად და კომპანია "ინოტექს", რომლის დატაცენტრშიც ჯეოლიმპის სერვერი უსასყიდლოდ არის განთავსებული და ინტერნეტით უზრუნველყოფილი.

სერიის ფარგლებში ინტერნეტ რაუნდების გარდა ოთხი დასწრებული ტური ჩატარდა:
მეორე ეპიზოდი თავისუფალ უნივერსიტეტში
მეოთხე ეპიზოდი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეხუთე ეპიზოდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ფინალი კავკასიის უნივერსიტეტში

2013 წლის სერია ჩვენთვის პირველი იყო, სადაც სახალხოდ გამოვაცხადეთ ამოცანათა მიღება. სერიისთვის ამოცანები შეადგინეს ავტორებმა: ელდარ ბოგდანოვი, ირაკლი მერაბიშვილი, მარიამ დანელია, ნიკოლოზ გაბისონია, ზურაბ კუცია, ნიკა ნადირაძე, ნიკა სანაკოევი, ბაქარ დარსაძე, ავთანდილ გოქაძე, გიორგი გულიაშვილი.

ჯეოლიმპის გუნდი მადლობას უხდის ირაკლი მერაბიშვილს და ნიკოლოზ გაბისონიას განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის რაუნდების ტესტირებასა და დასწრებული ტურების ჩატარებაში.

სიახლეები Facebook-ზე
მომავალი ღონისძიებები
მომავალი ღონისძიებების სია ცარიელია.
ღონისძიებების კალენდარი
მხარდამჭერები






ახალი კომენტარები
Dixtosa Episode II - Analysis...
Eშისაიდან მოვიდა 3**13?ისე 4 * 52 * 3**13 = 331M+ ...
Quick GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
Upsolving ჩაირთო...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
აღარ მინდა.:)...
saba_tavdgiridze GeOlymp 2013 - ფინალური ეპიზოდი იწყება...
B ამოცანის 17 ტესტს ვერ მიმანიშნებთ?...
tornike5 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
ვაპირებდი იგივე მეკითხა მარა მეგონა უეჭველი იქნება...
giorgi123 GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
მადლობა.შარშან ფინალში ამოცანების ყურებით ვიფარგლე...
Elle GeOlymp 2013 - ფინალის შესახებ...
შარშან ფინალს codeblocks-ით წერდით?დავაყენეთ codeb...